logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ცარიალ მშვიდაბა.."

06 თებ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო დროს, რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არაერთი ადამიანისთვის საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა. რუსი ოპოზიციონერი ლიდერები დმიტირი გუდკოვი, ლუბოვ სობოლი და იგორ ეფრემოვი, ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ შემოუშვეს. მეორეს მხრივ, დიდი პატივით ხვდებიან და მასპინძლობენ პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილ ჟურანლისტებს და საქართველოს და დასავლეთის მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის აქტიურ მონაწილეებსა თუ დამფინანსებლებს. გაუმართლა პოლონეთის პრეზიდნეტ ანჟეი დუდას, რომელმაც ჩამოსვლამდე ორიოდე საათით ადრე შეატყობინა საქართველოს ხელისუფლებას რომ პეკინისკენ მიმავალი თბილისში დაეშვებოდა. და ალბათ ჩვენც გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გამბედაობა აღმოაჩნდა ევროპის ყველაზე ანტი-რუსულად განწყობილ სახელმწიფოს მეთაურს შეხვედროდა. თორემ, ცოტა ადრე რომ ცოდნოდა საქართველოს მთავრობას პოლონეთის პრეზიდენტის გეგმების შესახებ, ანდა ოცნების ლიდერებს იმ ერთი კაცისთვის ეკითხათ, რა ვქნათ, შევხდეთ თუ არაო, სულაც არ არის გამორიცხული რომ უამინდობის მომიზეზებით არასაფრენი რეჟიმი გამოეცხადებინათ და დუდას თვითმფრინავს გზა პირდაპირ პეკინისკენ გაეგრძელებინა.

ძალიან გაგიკვირდებოდათ? ვაშინგტონში აღარ: ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის ბოლო მოსმენაზე, უკვე ღიად ითქვა იმის შესახებაც, რომ მოსკოვმა, უკრაინის გარდა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე სამხედრო-პოლიტიკური გავლენის საგრძნობლად გაზრდა მოახერხა. მათ შორის საქართველოზეც, რომლის ამჟამინდელ პოზიციასაც საერთაშორისო პოლიტიკაში "ნეიტრალურ-მარგინალური" უწოდეს. რამდენიმე წლის წინ ამერიკელი პარტნიორებისგან ასეთი შეფასება სერიოზული განგაშის საფუძველი გახდებოდა, დღეს კი, ოცნების ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, ამ ყველაფერს უბრალო მოცემულობად ვიღებთ, ვითარება კი უარესდება. უკრაინის "ვითომ" მხარდამჭერ რეზოლუციას საერთოდ რომ თავი დავანებოთ, "ნეიტრალურად" შეიძლება განვიხილოთ მიდგომა, თუ რუსეთის ყველა მოქალაქესთან მიმართებაში, პუტინისადმი მათი განწყობების მიუხედავად საქართველოს საზღვარი ან ღია ან დაკეტილი იქნებოდა. მაგრამ ის რაც დღეს ხდება საქართველოს საზღვარზე, როდესაც მხოლოდ მათ ვუშვებთ ქვეყანაში ვინც კრემლს სიამოვნებს და მათ კი ვინც მოსკოვს გულზე არ ეხატება საზღვარს ვუკეტავთ, როდესაც ქართველი მესაზღვრე რუსული სპეცსამსახურების სიებით ხელმძღვანელობს, საქართველოს ხელისუფლება კი ეფესბეს ქვედანაყოფად არის ქცეული, ამას ნეიტრალური კი არა - კაპიტულანტური და ბოდიში გამოთქმაზე - მოსკოვის უკანალში შეძრომის პოლიტიკა ჰქვია, რითაც შეშინებული მილიარდერი საქართველოს სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დაკნინების ხარჯზე რუსეთის პრეზიდენტისადმი სრული ლოიალურობის დამტკიცებას ცდილობს. ოცნება კი გვეუბნება, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა მშვიდობის პოლიტიკა. მათი პარტია კი მშვიდობის პარტიაა, ნაცმოძრაობისგან განსხვავებით, რომელსაც ომის პარტიად მოიხსენიებს.

ამოცანა - ყველაფრის ფასად, რუსეთთან მშვიდობის შენარჩუნებაა და ამიტომაცაა, რომ უკრაინას მხარს არ ვუჭერთ; მტრებს საზღვრებს ვუხსნით, მოყვრებს კარს ვურაზავთ; დასავლელ პარტნიორებს შეურაცხყოფას ვაყენებთ, მათ რეკომენდაციებს ფეხებზე ვიკიდებთ; შიშით და დუმილით შევყურებთ როგორ გვართმევენ მიწას, როგორ გვიკლავენ და აწამებენ ჩვენს თანამოქალაქეებს - აბა რუსეთთან ომს ხომ არ დავიწყებთ. და ასე ნელ-ნელა ვკარგავთ უსაფრთხოების განცდას, ღირსებას, თავისუფლებას, დასავლურ მომავალს, უკეთესად ცხოვრების პერსპექტივას და რაც მთავარია სახელმწიფოებრიობას, რისთვისაც არაერთ თაობას დაუღვრია სისხლი, რისი წართმევაც სცადა რუსეთმა აგვისტოს ომით და რასაც ის დღეს უკრაინას ეცილება.

ბუნებრივია იკითხავთ - რა ფასი აქვს ისეთ მშვიდობას, თუ აღარც თავისუფლება გაქვს, აღარც სახელმწიფო, უარესად ცხოვრობ, პერსპექტივაც ხელიდან გეცლება და მარტო ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობ? პასუხი მარტივია: გააჩნია ვისთვის. იმ ერთი ადამიანისთვის, რომელიც საქართველოში მთავარ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი გარემოცვისთვის, ამ ქვეყნის თავისუფლება თუ სახელმწიფოებრიობა, დასავლური პერსპექტივა თუ საზოგადობის კეთილდღეობა, ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი ძალაუფლების და აქტივების შენარჩუნება, ამ ამოცანისთვის კი სწორედ ასეთი მშვიდობაა ყველაზე ხელსაყრელი. აბა ილია - ბიძინას გენიასთან რა მოსატანია, ან რა ეტყობათ საქართველოს მმართველებს "იმ ნესტარით იყვნენ ნაჩხვლეტნი" ლელთ ღუნიას რომ მოსვენებას არ აძლევს: "რაი არნ მშვიდობა ცოცხვალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის".

P.S. ამ სიტყვებით ვფიქრობდი ედიტორიალის დამთავრებას.. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ჩვენს მიცვალებულებს მშვიდობა მიწაშიც აღარ აქვთ, ვისაც ჩემი ეს შედარება გაზვიადებულად გეჩვენებათ, გირჩევთ, ერთი დღით ქართლის გულში ჩახვიდეთ და რუსების მიერ შემოღობილ ქართულ სასაფლაოებს, მათი უშუალო ჭირისუფლების მსგავსად, შორიდან მაინც შეავლოთ თვალი.


close დახურვა